29.04.2007       სამი ბრინჯაო რომიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 28-29 აპრილს იტალიის დედაქალაქ რომში მსოფლიოს თასზე იასპარეზა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს თასის გათამაშების პრიზირები გახდნენ ზურაბ ზვიადაური, ლევან ჟორჟოლიანი და ზვიად ხანჯალიაშვილი. ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადის სალიცენზიო კლასიფიკაციაში ჩასათვლელი ქულები ჩაიწერეს.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის კარგი ჭიდაობა, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თანდათან იბრუნებს სპორტულ ფორმას.  ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში მეორე წრეში დაამარცხა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიური ჩემპიონი ჯარჯი ზვიადაური (ილიას ილიადისი), მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი, თანაგუნდელთან, ევროპის ვიცე-ჩემპიონთან ირაკლი ცირეკიძესთან მოუწია დაპირისპირება. ცირეკიძე, რომელიც ამ ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე ავადმყოფობდა, მეხუთე ადგილზე გავიდა.

ლევან ჟორჟოლიანმა 100 კგ წონით კატეგორიაში და ზვიად ხანჯალიაშვილმა მძიმე წონაში თავისი პირველი შეხვედრები წააგეს, მაგრამ შემდეგ ორივემ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩასათვლელი ქულები მიიღეს, აგრეთვე, ვახტანგ ხოსიტაშვილმა და ზაზა კედელაშვილმა. რომში სულ 51 ქვეყნის ძიუდოისტები ასპარეზობდნენ.