28.04.2007       28 აპრილი - მსოფლიოს თასის პირველი დღე


იტალიის დედაქალაქ რომში მსოფლიოს თასის გათამაშების პირველ დღეს ძიუდოისტები ერთმანეთს სამ წონით კატეგორიაში შეეჯიბრნენ. 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა. 60 კგ-ში მეხუთე ადგილზე გავიდა ვახტანგ ხოსიტაშვილი, 73 კგ-ში კი ასევე მეხუთე ადგილი დაიკავა ზაზა კედელაშვილმა.


60 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ხოსიტაშვილი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ პარიზის მსოფლიოს სუპერთასის გამარჯვებულთან აზერბაიჯანელ ნიჯათ შიხალიზადესთან დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დასაწყისში სოლიდურ უპირატესობას ფლობდა. ხოსიტაშვილი ჩაერთო რეპეშაჟში, სადაც ორი შეხვედრა კიდევ მოიგო და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლებაც მოიპოვა. აქ კი ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის პრიზიორთან ჰოლანდიელ რუბენ ჰოუკსთან წააგო.


ამავე წონაში იჭიდავა დავით ასუმბანმა, რომელმაც რუსი ნაზირ კიშმახოვის დამარცხების შემდეგ ორი შეხვედრა დათმო და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ წონაში დაგეგმილი იყო ევროპის ჩემპიონის ზაზა კედელაშვილის ჭიდაობა, მაგრამ კედელაშვილი შეჯიბრის წინა დღეს თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობდა, არადა ”თავის” კატეგორიაში საჭიდაოდ მას წონაში კიდევ უნდა დაეკლო რამდენიმე გრამი (როგორც ჩვეულებრივ ხდება შეჯიბრებების წინა დღეებში). მწვრთნელებმა აღარ გარისკეს, გაითვალისწინეს სპორტსმენის მდგომარეობა და გადაწყვიტეს წონის დაკლების ნაცვლად, იგი ზედა წონით კატეგორიაში ეჭიდავებინათ. ზაზა კედელაშვილს თავი არც დავით ქევხიშვილის კატეგორიაში შეურცხვენია. მან ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო, მათ შორის ესპანელ კიოში უემაცუსთან და ძიგორო კანოს ბოლო ტურნირის გამარჯვებულთან იტალიელ ფრანჩესკო ბრუიერესთან და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დამარცხდა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულთან აზერბაიჯანელ ელნურ მამადლისთან. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი იგი ისრაელის წარმომადგენელმა იოელ რაზვოზოვმა დაამარცხა. ხოსიტაშვილმაც და კედელაშვილმაც ოლიმპიადის სალიცენზიო კლასიფიკაციაში 20-20 ქულა მოიპოვეს, თუმცა კედელაშვილს ეს ქულები დიდად არ წაადგება, რადგან იგი ლიცენზიისთვის მაინც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ახალგაზრდა გიგა წიკლაურმაც, რომელიც პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.