23.06.2012
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადება
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპორტსმენის ეროვნულ ნაკრებში გაწევრიანების ან გარიცხვის შესახებ. შესაბამისად რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია ძიუდოისტ ამბაკო ავალიანის ეროვნული ნაკრებიდან გარიცხვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამბაკო ავალიანმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრებიდან გარიცხეს და მოუხსნეს კუთვნილი ხელფასი. ავალიანის თქმით, ეს ფაქტი მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.
ძიუდოს ეროვნული ფედერაცია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ეროვნულ ნაკრებში სპორტსმენის გამოძახების შესახებ ერთპიროვნულად ღებულობს ნაკრების მწვრთნელთა კორპუსი, და რომ არ არსებობს ნაკრების წევრობის მუდმივი სტატუსი. ამბაკო ავალიანის შემთხვევაში კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - გიორგი ვაზაგაშვილი სამჯერ დაუკავშირდა ტელეფონით სპორტსმენს და სთხოვა შეკრებაზე გამოცხადებულიყო, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება სპორტსმენის სახელფასო ანაზღაურებას, ის დამოკიდებულია ამ სპორტსმენის მიერ სპორტული კარიერის განმავლობაში დაგროვილ ქულებზე და შესაბაბამისად სახელმწიფო უხდის მას ამ თანხას. ეს თანხა ამბაკო ავალიანმა გასულ თვეშიც აიღო და მიმდინარე თვესაც დაერიცხება.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არც ერთი სპორტსმენის პოლიტიკური შეხედულებები არ არის შეზღუდული, თუ ეს შეხედულებები ხელს არ უშლის სპორტულ დისციპლინას. ფედერაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკა, მოუხმონ მორალურ პრინციპებს და ნუ ივაჭრებენ პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად საკუთარი სპორტული კარიერით.
|