TBILISI WORLD CUP

24th & 25th JANUARY 2009

22.01.2009 მსოფლიოს თასი, თბილისი, 24-25 იანვარი 2009

პრესკონფერენცია

24-25 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს თასის გათამაშება, რითაც იწყება ახალი სეზონი ძიუდოში. ტურნირის ორგანიზებაში საქართველოს ძიუდოს ფედერაციას თბილისის მერია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ეხმარება. საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოსაგვარებლად, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ჩამოვიდა ევროპის ძიუდოს კავშირის სპორტული დირექტორი ინდრეკ პერტელსონი. 24-26 აპრილს თბილისში უნდა გაიმართოს ევროპის ჩემპიონატი. მსგავსი რანგის შეჯიბრება სპორტის ოლიმპიურ სახეობებში საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და ევროპის ძიუდოს კავშირს უკვე დაწყებული აქვთ მომზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და თბილისის მსოფლიოს თასს ამ ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად განიხილავენ.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სპორტის ამ სახეობის წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და ასპარეზობა სწორედ ახალი წესებით ჩატარდება. ცვლილებებია მომდევნო ოლიმპიადისთვის ლიცენზიების მოპოვებაშიც. სპორტსმენები ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვებას უკვე თბილისის მსოფლიოს თასიდან იწყებენ. შეიცვალა საკვალიფიკაციო რეიტინგში ქულების დარიცხვის სისტემაც. საერთაშორისო კალენდარში ამიერიდან შეტანილია მსოფლიოს თასის, გრან-სლემის, გრან-პრის და მასტერსის ტურნირები, სადაც ქულების დარიცხვა სხვადასხვაგვარია.
შეჯიბრებაში მონაწილეობას ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ოლიმპიური ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის და დავით ქევხიშვილის გარდა ტატამზე ყველა უძლიერესი ქართველი ძიუდოისტი გავა. საქართველოს ნაკრები ტურნირში ოთხი შემადგენლობით იასპარეზებს.

მსოფლიოს თასზე მონაწილე ქვეყნები: საქართველო, საფრანგეთი, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, სომხეთი, ბელგია, მოლდოვა, ბელორუსი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ხორვატია, თურქეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, უზბეკეთი, ლიტვა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია