21.03.2010 ქართველი ჭაბუკების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე
ევროპის თასი, 20-21 მარტი, 2010
თურქეთი, ანტალია
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაში, სადაც ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრებაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში 20 და 21 მარტს მიმდინარეობდა, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 4 ოქროს 1 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლის გარეშე ქართველი ჭაბუკები არც ერთ წონით კატეგორიაში არ დარჩნენ. მწვრთნელმა რამაზ ჩოჩიშვილმა, რომლისთვისაც ეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო, ნაკრების კანდიდატები საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეარჩია.
ევროპის თასის პირველ დღეს ვაჟებში შეჯიბრება 3 წონით კატეგორიაში გაიმართა. 50 კგ-ში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა მიშიკო იმერლიშვილი. 55 კგ-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა, ბრინჯაო – ზაზა როსტომაშვილმა. 60 კგ-ში ჩემპიონი გახდა მიხეილ მეზურნიშვილი.
შეჯიბრების მეორე დღეს ძიუდოისტები ერთმანეთს 5 წონით კატეგორიაში გაეჯიბრნენ და 3 ოქროს მედალი ქართველებმა მოიპოვეს. 66 კგ-ში თომა თავზარაშვილი და პავლე ქავთარაძე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. 73 კგ-ში ჩემპიონი გახდა თამაზ ონიანი, ხოლო ზაურ მამარდაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. 81 კგ-ში ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ტაველურმა, ბრინჯაო – ილია ოტიაშვილმა. 90 კგ-ში ოქროს მედალი მოიპოვა უშანგი გასიტაშვილმა. მძიმე წონაში კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კარლო ნემსიწვერიძე. ვაჟთა ნაკრებს თან ახლდნენ მწვრთნელი ვაჟა ბალხამიშვილი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნიკო ზაუტაშვილი.
პარალელურად გაიმართა შეჯიბრება გოგონათა შორის, სადაც სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ერთმა მათგანმა ელენე ქებაძემ ყველა მეტოქეს აჯობა და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა. გოგონებს თურქეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე ახლდა.
|