20.05.2007 ნესტორ ხერგიანმა ბუქარესტში მსოფლიოს თასი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონი ნესტორ ხერგიანი გახდა. მეორე დღეს კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს საბა გავაშელიშვილმა, გიორგი ბაინდურაშვილმა და ირაკლი ცირეკიძემ.
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ნესტორ ხერგიანმა წლეულს პირველი ტურნირი მოიგო. რუმინეთის დედაქალაქში მან 4 შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ფინალში ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა და ოლიმპიურ კლასიფიკაციაში დამატებითი 60 ქულა მიიღო.
66 კგ და 73 კგ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყოლია, რადგან ამ წონებში დაგეგმილი იყო ზაზა კედელაშვილისა და დავით ქევხიშვილის ჭიდაობა, რომლებიც ავადმყოფობის გამო რუმინეთში ვეღარ გაემგზავრნენ.
მეორე დღეს გაიმართა შეხვედრები კიდევ 4 წონით კატეგორიაში. 81 კგ წონით კატეგორიაში ორივე ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ბაინდურაშვილმა და საბა გავაშელიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორივემ მესამე ადგილისთვის შეხვედრებში გერმანელებს მოუგეს. ბაინდურაშვილმა ოლე ბიშოფი დაამარცხა, გავაშელიშვილმა - დენის ჰუკი.
90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ირაკლი ცირეკიძე, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესპანელ დავიდ ალარზასთან გაიმარჯვა.
მედლის მოპოვებასთან ახლოს იყვნენ მძიმე წონის ძიუდოისტები ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი, რომლებიც ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ ორივე ბელორუს ძიუდოისტებთან დაამარცდა. შემდეგ ქართველებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრებიც წააგეს და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.
ბუქარესტში სულ 39 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. 2 ოქროს მედალი ბელორუსმა მოიპოვა, თითო - საქართველომ, ჰოლანდიამ, ლატვიამ, საბერძნეთმა და რუსეთმა.
|