2.03.2008             2 ოქრო და 1 ვერცხლი პრაღიდან

პრაღაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 50 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ირაკლი ცირეკიძე, რომელმაც ნახევარფინალში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი უკრაინელი ვალენტინ გრეკოვი დაამარცხა, ფინალში კი ესპანელ დევიდ ალარზას მოუგო. ქართველებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 81 კილოგრამი წონითი კატეგორია, სადაც ფინალში ერთმანეთს გიორგი ბაინდურაშვილი და საბა გავაშელიშვილი შეხვდნენ. გამარჯვება ბაინდურაშვილს დარჩა. ამ წარმატებით საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, გადაჭრა ოლიმპიადის ლიცენზიის საკითხი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პეკინში ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით იასპარეზებს. პრაღის მსოფლიოს თასის გათამაშებით კი, დამთავრდა სალიცენზიო ტურნირები და ძიუდოისტები სალიცენზიო ქულების მოპოვებას მხოლოდ ევროპის ჩემპიონატშიღა თუ შეძლებენ.