პაპინაშვილის ვერცხლი
საქართველოს ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში მიმდინარე გრან-პრის გათამაშებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დომინიკელი უონდერ მატეო, ფინელი ვალტერი იოკინენი, ფრანგი სოფიანე მილოუსი და მონღოლი ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი და ფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე კიდევ ერთი მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჯი იყო. პაპინაშვილი ვაზარისა და იუკოს იგებდა, მაგრამ ვერ შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება და დამარცხდა.
ამავე დღეს 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორმა ლაშა შავდათუაშვილმა. მან მსოფლიო რეიტინგის მე-17 ძიუდოისტს უკრაინელ სერგეი დრებოტს ძლია, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ორი ძიუდოისტი ასპარეზობდა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. თენგიზ პაპოშვილმა პირველ შეხვედრაში სერბი მილოშ მიალკოვიჩი დაამარცხა, შემდეგ კი პოლონელ კრჟიშტოფ ვილკომირსკისთან წააგო. ნუგზარ ტატალაშვილმა კი სამი შეხვედრა მოიგო (დაამარცხა მონღოლი ოტბაიარ განბაატარი, გერმანელი კრისტოფერ ფიოლკი და რუსი მურატ კოძოკოვი), მეოთხედფინალში კი ფრანგ უგო ლეგრანთან დამარცხდა და საბოლოოდ ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

|