15.04.2010 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
22-25 აპრილს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. სამი დღის განმავლობაში ძიუდოისტები ერთმანეთს შვიდ წონით კატეგორიაში შეეჯიბრებიან. მეოთხე დღეს კი გაიმართება გუნდური ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა ამ ჩემპიონატის წინ სამი შეკრება გაიარა. გუნდი ჯერ ბაკურიანსა და დუშეთში მოემზადა, შემდეგ თბილისში ძიუდოს აკადემიაში.
ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე ტურნირში იასპარეზა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ამ შეჯიბრებებში ნაკრების თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადა. ბოლო შეკრებაზე კი გამოაცხადა იმ ძიუდოისტთა ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:
-60 კგ – დავით ასუმბანი
-66 კგ – შალვა ქარდავა
-73 კგ – ზაზა კედელაშვილი
-81 კგ – ლევან წიკლაური
-90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
-100 კგ – ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ – ზვიად ხანჯალიაშვილი
დავით ასუმბანი და შალვა ქარდავა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები არიან. ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი კი ევროპის ჩემპიონატში პირველად იასპარეზებს -73 კგ წონით კატეგორიაში. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში იქნება ლაშა გუჯეჯიანიც (+90 კგ). გუნდურ ჩემპიონატზე ყველა გუნდი 5 ძიუდოისტით იასპარეზებს. (შესაბამისად: -66კგ, -73კგ, -81კგ, -90კგ, +90კგ წონით კატეგორიაში) |