1.05.2007       ნაკრების შემადგენლობა მოსკოვის სუპერთასისთვის

5-6 მაისს მოსკოვში გაიმართება მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

60 კგ
- ნესტორ ხერგიანი, ვახტანგ ხოსიტაშვილი
66 კგ
- სანდრო იაკობაშვილი
73 კგ
- დავით ქევხიშვილი
81 კგ
- გიორგი ბაინდურაშვილი, გრიგოლ შინჯიკაშვილი
90 კგ
- ზურაბ ზვიადაური
100 კგ  
- ლევან ჟორჟოლიანი, ლევან რაზმაძე
+100 კგ
- ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

90 კგ წონით კატეგორიაში თავდაპირველად დაგეგმილი იყო  ირაკლი ცირეკიძის ჭიდაობაც, მაგრამ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა მისი დასვენება გადაწყვიტა. ამჯერად, დაისვენებენ ზაზა კედელაშვილი და ლაშა გუჯეჯიანიც. 66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა სანდრო იაკობაშვილის სახით მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. იაკობაშვილმა შარშან საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მწვრთნელებს მისი საერთაშორისო არენაზე გამოცდის საშუალება მხოლოდ თბილისის მსოფლიოს თასზე ჰქონდათ. იაკობაშვილს მოსკოვში ეძლევა თავის გამოჩენის შანსი. ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი მინდია ხომიზური ნაკრებთან ოჯახური პირობების გამო ვერ იმყოფება. სავარაუდოდ, ხომიზური ბუქარესტში გასამართ მსოფლიოს თასზე იასპარეზებს.
მსოფლიოს სუპერთასი ოლიმპიადის სალიცენზიო კლასიფიკაციაში მსოფლიოს თასის გათამაშებებთან შედარებით, უფრო მეტ ქულას იძლევა, ამიტომ ნესტორ ხერგიანს, დავით ქევხიშვილს, გიორგი ბაინდურაშვილსა და ლევან ჟორჟოლიანს შეუძლიათ თავისი სალიცენზიო ქულები მნიშვნელოვნად გაზარდონ. ასეთივე შანსი აქვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც სალიცენზიო პირველი ქულები იტალიაში მოიპოვეს - ვახტანგ ხოსიტაშვილს, ზურაბ ზვიადაურს და ზვიად ხანჯალიაშვილს. გრიგოლ შინჯიკაშვილმა, ლევან რაზმაძემ და ადამ ოქრუაშვილმა კი ახლა უნდა დაიწყონ სალიცენზიო ქულების დაგროვება.