Share


ძიუდოს აკადემია

2016-01-18 19:01:43

24 ქართველი მწვრთნელი ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის გამოცდებს აბარებს. მათ უკვე ჩააბარეს თეორიული გამოცდა და კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ლექტორები პრაქტიკულ მეცადინებობებს ჩაუტარებენ, რის შემდეგაც მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაც. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი მიიღებენ შესაბამის დიპლომებს. თბილისში მეცადინეობებს ატარებენ და გამოცდებს იბარებენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის რექტორი ენვიკ გალეა, ლექტორები დანიელ ლასკაუ და მარკ ჰუიზინგა, აგრეთვე უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის პროფესორი კოზლა ტიბორი.

ძიუდოს საერთაშორისო აკადემია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წელს დააარსა. საქართველოდან მისი პირველი კურსდამთავრებული საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა, რომელმაც გამოცდები ბუდაპეშტში ჩააბარა. მისივე ძალისხმევით გადმოქართულდა აკადემიის თეორიული მასალები, რის შემდეგაც აკადემიის სრული კურსის გავლის საშუალება ქართველ მწვრთნელებს უკვე საქართველოში მიეცათ. ქართველმა მწვრთნელებმა აკადემიის ათკვირიანი თეორიული კურსი ინტერნეტით გაიარეს და ისინი ყოველკვირეულად აბარებდნენ ტესტურ გამოცდებს. ამჯერად მათ თეორიაში შემაჯამებელი გამოცდა ჰქონდათ. 

სემინარი და გამოცდები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით ტარდება.