Share


საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

2015-07-05 20:04:30

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ბულგარეთში გამართული ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს. მანამდე სძლიეს იტალიის, გერმანიის და უკრაინის ნაკრებებს. ამ ასაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და შესაბამისად, საქართველო ამ ისტორიული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ შარშან საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი გუნდური ჩემპიონატი მოიგო.

ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ მზია ბებოშვილი და ლაშა დუდაშვილი. ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ნიაზაშვილი, გოგა ქევხიშვილი და ზაურ კენჭაძე. ბრინჯაოს მედალოსნები: რობინზონ ბეგლარაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, მარიამ ჭანტურია, ონისე სანებლიძე და გელა ზაალიშვილი.

ამ ნაკრების წევრებმა ივლისის ბოლოს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა იასპარეზონ.

შედეგები - გუნდური

შედეგები - ინდივიდუალური