Share


კადეტების წარმატება ევროპის თასზე

2015-06-07 19:49:11

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის თასზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიალსკო-ბიალაში გაიმართა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ნიაზაშვილი (-50კგ), გოგა ქევხიშვილი (-81კგ) და ონისე სანებლიძე (-90კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ზურაბ კახნიაშვილი (-50კგ), ვანო ხუბაშვილი (-55კგ), ლაშა დუდაშვილი (-73კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ვაჟა ბუბუნაურმა (-50კგ), თემურ ნოზაძემ (-55კგ), თენგიზ ჩიტაურმა (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (-66კგ) და ზაურ კენჭაძემ (-90კგ).

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს. 8 ფინალიდან 6-ში ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა. -50კგ-ში ფინალში სულაც ქართველები გავიდნენ.

პოლონეთში ევროპის თასზე ვაჟთა და ქალთა შორის 6-7 ივნისს 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ამ ასაკის ძიუდოისტებს ივლისში თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ ასპარეზობა და ძიუდოისტები ქართული დელეგაციისთვის მედლების მოპოვების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან. (საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1993 წლიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დელეგაციას სულ მოპოვებული აქვს 53 მედალი, აქედან 45 ძიუდოისტების ანგარიშზეა)

შედეგები