Share


გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე

2015-04-05 17:11:50

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ათენში დასრულებულ ევროპის თასზე ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის თასზე, რომელიც ილიას ილიადისის სახელობის იყო, 33 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ისე მოხდა, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებდა, რომლის წარმომადგენელი მოიგებდა ტურნირის ბოლო ფინალს -81კგ-ში. აქ კი ერთმანეთს კობა მჭედლიშვილი და რუსეთის წარმომადგენელი ისრაილ საგაიპოვი ხვდებოდნენ. მჭედლიშვილმა გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრებს გუნდური პირველი ადგილი მოაპოვებინა.

საქართველოს ნაკრებიდან ჩემპიონები გახდნენ: ირაკლი კუპატაძე (-55კგ), თორნიკე ნაგლიაშვილი (-60კგ), კობა მჭედლიშვილი (-81კგ) და გუგა ლაზუაშვილი (+100კგ). ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ ჯამბულ ქურდიანი (-66კგ) და ჯაბა მუმლაძე (+100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ოლგა ალადოშვილმა (-44კგ), ბექა შავდათუაშვილმა (-66კგ), ბექა უდესიანმა (-66კგ), გიორგი გველესიანმა (-90კგ) და გიგა გელაშვილმა (+100კგ)