Share


ყველა მედლისთვის

2021-09-11 19:19:26

ნიკა ხარაზიშვილი ლუქსემბურგში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა დამაჯერებლად დაამარცხა ნიდერლანდელი ტიგო რენესი. ფინალამდე კი სამი შეხვედრა მოიგო, მათ შორის თავის თანაგუნდელ თორნიკე ფოლადიშვილთან. ნიკა ხარაზიშვილი ევროპის ჩემპიონატზე -90კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი. განთესილებს შორის მოხვდა თორნიკე ფოლადიშვილიც. სწორედ ამიტომ მოუწიათ მათ ერთმანეთთან მეოთხედფინალში დაპირისპირება. ფოლადიშვილმა შეჯიბრება რეპეშაჟში გააგრძელა და ორი მოგების შემდეგ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალოსნები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (-60კგ) და საბა ინანეიშვილი (+100კგ). ბრინჯაოს მედალს, თორნიკე ფოლადიშვილის გარდა, ილია სულამანიძე (-100კგ) დაეუფლა, რომელიც უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ ლუქსემბურგში ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ილიამ ნახევარფინალური შეხვედრა წააგო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტიდან ყველამ იჭიდავა შეჯიბრების ფინალურ ბლოკში, ანუ მედლისთვის. მეხუთე ადგილზე გავიდნენ: თენგო ზირაქაშვილი (-66კგ), გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ), მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ). ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა სხვა ქვეყნების გუნდებს აჯობა, თუმცა მედლების ხარისხით ჩამორჩა რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს.