Share


მედლების სარეკორდო რაოდენობა

2021-03-28 20:30:49

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე მედლების სარეკორდო რაოდენობა მოიპოვა. 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვალში გუნდური პირველი ადგილი. ასეთია ქართველი ძიუდოისტების მონაგარი თბილისში ჩატარებულ პირველ გრან სლემზე.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ვაჟთა შორის მედლის მოპოვება მხოლოდ ერთ -90კგ წონით კატეგორიაში ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებს გრან სლემებზე აქამდე ყველაზე მეტი რვა მედალი ერთი თვის წინ თელ-ავივის გრან სლემზე ჰქონდა მოპოვებული. შეჯიბრების მესამე დღეს ოქროს მედალი მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ტიტულოვანი ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. მანამდე კი სამი შეხვედრა მოიგო. 21 წლის გელა ზაალიშვილისთვის ეს მის კარიერაში მოგებული მესამე გრან სლემია.

ამავე წონაში გრან სლემზე თავისი პირველი მედალი მოიპოვა 19 წლის საბა ინანეიშვილმა, რომელიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მედალოსანი ზედიზედ მეორე გრან სლემზე გახდა 19 წლის ილია სულამანიძე. ერთი თვის წინ თელ-ავივში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამჯერად კი - ვერცხლი. სულამანიძემ საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქეები დაამარცხა, მათ შორის აღსანიშნავია მისი გამარჯვება მეორე წრეში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან და ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორთან ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან. სულამანიძე ფინალურ შეხვედრაში კანადელ შადი ელნაჰასთან დამარცხდა.

სრული შედეგები