Share


გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრან სლემი მოიგო

2019-05-12 17:28:27

გელა ზაალიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი რუსლან შახბაზოვი იპონით დაამარცხა. ფინალამდე კი სამი შეხვედრა მოიგო.  პირველი შეხვედრა ზაალიშვილს ტურნირში პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ როი მეიერთან მოუწია, სადაც დამატებით დროში გაიმარჯვა. შემდეგ იპონით დაამარცხა აზერბაიჯანელი რუსტამ კოცოევი და რუსი ანტონ კრივობოკოვი.  19 წლის გელა ზაალიშვილისთვის ეს უფროსთა ასაკში მოპოვებული პირველი მედალია. არადა, იგი ჯერ კიდევ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და წლეულს, სავარაუდოდ, ისევ მოუწევს ნაკრების ღირსების დაცვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. გელა ზაალიშვილმა შარშან ახალგაზრდებს შორის მოიგო როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატი.

საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრან სლემზე, ძირითადად, ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა. -60კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის პრიზიორი 21 წლის თემურ ნოზაძემ გახდა, ხოლო -81კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი 19 წლის ტატო გრიგალაშვილი მოიპოვა.