Share


გელა ზაალიშვილის ტრიუმფი

2018-10-21 01:54:44

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში დაამარცხა ავსტრიელი შტეფან ჰეგი, რომელიც უფროსებში მსოფლიო რეიტინგში მე-10 პოზიციაზეა და წლეულს უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა  ჩემპიონატზე საკმაოდ მრავაფეროვანი სანახაობრივი ძიუდო აჩვენა. მან  ფინალამდე  სძლია იაპონელ, ჩილელ და რუს ძიუდოისტებს. 
წლეულს 19 წლის გელა ზაალიშვილი სტაბილურად ასპარეზობს. მას სეზონში ინდივიდუალურ შეჯიბრებში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია, ხოლო ერთი თვის წინ ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. 
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატებზე მძიმე წონაში ქართველი ძიუდოისტები დომინირებენ. უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, ახალგაზრდებში - გელა ზაალიშვილი, ხოლო ვეტერანებში - ალექსი დავითაშვილი.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატაზე ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღეს -100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ონისე სანებლიძემ მოიპოვა. 
ამგვარად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ბაჰამის კუნძულებზე ჩატარებული  მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ქართველმა ახალგაზრდებმა ამ ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 
2 ოქრო: ლაშა ბექაური (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ)
3 ბრინჯაო: ჯაბა პაპინაშვილი (-60კგ), ლუკა მაისურაძე (-81კგ), ონისე სანებლიძე (-100კგ)