Share


ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია

2018-10-19 22:37:55

ლაშა ბექაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე -90 კგ წონით კატეგორიაში იმარჯვა. ფინალში მან 37 წამი მოანდომა იაპონელი სანშირო მურაოს დამარცხებას. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში მან კიდევ ერთ იაპონელს კოსუკე მაშიამას მოუგო. ოქროს მედლისკენ გზაზე ლაშამ ასევე დაამარცხა კანადელი, ლატვიელი და სერბი ძიუდოისტები.

ლაშა ბექაურმა ახალგაზრდებს შორის ასპარეზობა ამ სეზონში დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე მას, ფაქტობრივად, ორი წლით უფროსებში უწევდა ჭიდაობა. შარშან იგი კადეტთა შორის გამოდიოდა და -73კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან შემდეგ შეიცვალა წონითი კატეგორია და წარმატებებს უკვე ახალ წონაში აღწევს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამავე დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი ლუკა მაისურაძემ მოუტანა. მან -81კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლუკა მაისურაძე ერთი თვის წინ ბულგარეთში ევროპის ჩემპიონი გახდა.